EPP-ის თავმჯდომარე მექრთამეობაში დადანაშაულებული თანაპარტიელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) თავმჯდომარე ჯოზეფ დაული, მექრთამეობაში დადანაშაულებული თანაპარტიელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია დაულის მიერ პარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქმე ეხება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირების სანაცვლოდ, სოლიდური თანხისა და სხვადასხვა საჩუქრების მიღებაზეა საუბარი.
ანგარიშში მოხვდნენ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყოფილი და მოქმედი წევრებიც. მათ შორის ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი და ამავე ასამბლეაში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ლუკა ვოლონტე.
„მოვუწოდებ სახალხო პარტიის ჯგუფის წევრ ყველა პარტიას, დაუყოვნებლივ შეუჩერონ უფლებამოსილება, ან გარიცხონ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენები პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებულნი არიან გაუმჭვირვალე ქმედებებში. მათ დაარღვიეს ეთიკის კოდექსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ღირებულები უგულებელყვეს. – ნათქვამია დაულის განცხადებაში.
„ევროპის სახლახო პარტიის“ ლიდერის თქმით, ანგარიშში მოხსენიებული პირები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტს ძირს უთხრიან.
„ევროპის სახალხო პარტიას“ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს არაეთიკური, კორუფციაში, მექრთამეობასა ან ინტერესთა კონფლიქტში მხილებული პირების მიმართ.“ – ნათქვამია განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს 26 აპრილს უყრის კენჭს.