ეპიდემიის გამო, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად დაგეგმილი ცერემონიები შეზღუდული ფორმით გაიმართება
ეპიდემიის გამო, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად დაგეგმილი ცერემონიები შეზღუდული ფორმით გაიმართება

აშშ-ზე ალ-ყაიდას ტერორისტული თავდასხმებიდან 19 წელი გავიდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად დაგეგმილი ცერემონიები შეზღუდული ფორმით გაიმართება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცერემონიები გაიმართება 11 სექტემბრის მემორიალურ მოედანზე და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად. ამჯერად, 19 წლიანი-ტრადიცია დაირღვევა და ნათესავები მსხვერპლთა სახელებს პირადად აღარ წაიკითხავენ.

მედიის ცნობით, ნიუ-იორკში ორივე ღონისძიებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დაესწრება.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს, ორივე მათგანი გეგმავს, რომ პენსილვანიაში, რეის 93-ის ეროვნულ მემორიალთან დაგეგმილ შეზღუდულ ცერემონიაში მიიღონ მონაწილეობა.

2001 წლის 11 სექტმბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ავიალაინერი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის შტატში ქალაქ შენკსვილთან ჩამოვარდა.

11 სექტემბრის ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.