თეა ახვლედიანი - დღეს აშშ-ის ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად ვაგრძელებთ ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თეა ახვლედიანი - დღეს აშშ-ის ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად ვაგრძელებთ ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

დღეს აშშ-ის ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად ვაგრძელებთ ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 20 წლისთავს ეხმაურება.

თეა ახვლედიანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

„ამ წუთებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნას პატივს დუმილით მიაგებენ. ვუერთდები ამერიკელ ხალხს და სამძიმარს ვუცხადებ ტერორისტთა ამ შემზარავი შეტევის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს.

ზუსტად ამ დროს 20 წლის წინ, ადგილობრივი დროით, 08:46 საათზე, ტერორისტების მიერ განხორციელდა პირველი იერიში ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ტერაქტების სერიამ, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამერიკელ ხალხთან ერთად, მთელი მსოფლიო შეძრა და ყველა მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ გააერთიანა.

დღეს ჩვენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის გვერდით ვდგავართ, ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მოკავშირეებთან ერთად ვაგრძელებთ ერთიან ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.