მედიის ცნობით, ბელგიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა
მედიის ცნობით, ბელგიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები ბელგიაში თავდასხმის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, თუმცა კონკრეტული სამიზნეები არ ჰქონდათ.

„საუბარი იყო ნატო-ს შენობაზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეგმები არ არის კონრეტული“, – განაცხადა პროკურორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმოშობისაა. პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტალთაგან სამი ბელგიის მოქალაქეა და ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური მხარდამჭერები არიან. რამდენიმე მათგანი წვრილმანი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

როგორც „როიტერი“ წერს, შვიდივე დაკავებულს სასამართლომ, შესაძლოა, მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის წაუყენოს ბრალი.

ბრალდებულები მას შემდეგ დააკავეს, რაც ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დასავლეთ ფლანდრიასა და გენტში რეიდი ჩაატარა.