ენტონი ბლინკენმა ირანსა და ისრაელს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, „ჰამასის“ ახალ ლიდერს კი მოლაპარაკებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა
ენტონი ბლინკენმა ირანსა და ისრაელს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, „ჰამასის“ ახალ ლიდერს კი მოლაპარაკებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანსა და ისრაელს – ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, ხოლო „ჰამასის“ ახალ ლიდერს მოლაპარაკებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ირანი და ისრაელი უნდა მოერიდონ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას.

„არავინ არ უნდა გაამწვავოს კონფლიქტი. ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მიგვაქვს რა ეს მოსაზრება უშუალოდ ირანამდე. ჩვენ ეს გზავნილი ასევე უშუალოდ ისრაელსაც გადავეცით. შემდგომი თავდასხმები მხოლოდ ზრდის საშიში შედეგების საფრთხეს, რომელთა პროგნოზირებაც არავის შეუძლია და კონტროლიც არავის ძალუძს. აუცილებელია, რეგიონში ყველამ შეაფასოს სიტუაცია, გააცნობიეროს შეცდომის რისკი და მიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძაბულობას მოხსნის და არ გაზრდის მას“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე გამოეხმაურა „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ახალ ლიდერად იაჰია სინვარის დანიშვნას. ბლინკენის თქმით, სინვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლია.

მისივე თქმით, ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის მიუხედავად გრძელდება და ფინალურ სტადიაშია.

როგორც მანამდე „თაიმს ოფ ისრაელი“ წერდა, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულია და მას შემდეგ უნდა განახლდეს, რაც ირანი „ჰამასის“ ლიდერ ისმაილ
ჰანიეს მკვლელობის საპასუხო ნაბიჯებზე ჩამოყალიბდება, ხოლო „ჰამასი“ ახალ ლიდერს აირჩევს.

ცნობისთვის, ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და გარდაუვალი პასუხით ემუქრება. ისრაელს „ჰეზბოლას“ სამხედრო მაღალჩინოსან ფუად შუქრის სიკვდილის გამო შურისძიებით დაემუქრა ლიბანში მოქმედი დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალაც.