ენტონი ბლინკენმა და კირ სტარმერმა შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში შეხვედრა გამართეს.
მედიის ცნობით, ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე რეაგირების საკითხები განიხილეს.
„ჩვენს ქვეყნებს აქვთ ყველაზე ახლო, განსაკუთრებული ურთიერთობა. ეს ისტორიულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლისთვის. მოუთმენლად ველოდები, რომ ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, სადაც მომდევნო რამდენიმე კვირა, თვე გადამწყვეტია“, – განაცხადა კირ სტარმერმა ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დაწყებამდე.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას.
„შეერთებული შტატებისთვის თქვენ რჩებით არა მხოლოდ ყველაზე განსაკუთრებულ, არამედ ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიტანეთის პრემიერს.
ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომელიც მიმდინარე კვირასაა ჩანიშნული.