ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მოთხოვნას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან… მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას“, – აცხადებს ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე და აღნიშნა, რომ ამით განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ზარალდებიან.
„რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა ყველაზე მეტად აზიანებს განვითარებად ქვეყნებს, და ვაფასებთ ისეთი ქვეყნების ძალისხმევას, როგორებიცაა რუმინეთი და მოლდოვა. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინული მარცვლეულის მიწოდებაზე მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა ბლინკენმა.