აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. უკრაინაში ამერიკელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.
უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც განიხილავს რუსეთთან გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და დასავლეთის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
პარასკევს კი ენტონი ბლინკენს ჟენევაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტები და კონსულტაციები არის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციითა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით გამოწვეული დაძაბულობის დეესკალაციისკენ.