ენტონი ბლინკენი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ეს ახლავე უნდა მოხდეს, დრო მნიშვნელოვანია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა იყოს მიღწეული. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კატარში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ბლინკენი დოჰაში კატარის სახელმწიფო მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ ხულაფის შეხვდა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა აშშ, კატარი და ეგვიპტე ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ჰამასი“ დაითანხმონ, მათ შეთავაზებას დაუჭიროს მხარი, როგორც ეს მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
„მომდევნო დღეებში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა „ჰამასი“ დათანხმდეს შეთანხმებას და შემდეგ უზრუნველვყოთ, რომ მხარეებმა აუცილებელ დეტალებზე იმუშაონ. ეს შეთანხმების ასამოქმედებლად პროცესს წინ წაწევის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და ეს ახლავე უნდა მოხდეს. დრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ყოველი დღის გასვლასთან ერთად მძევლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია. დრო გადამწყვეტია, რადგანაც ყოველდღე ღაზაში მყოფი ბავშვები, ქალები, კაცები იტანჯებიან, რადგანაც არ აქვთ ადეკვატური წვდომა საკვებთან, მედიკამენტებთან და არიან დაშავების ან დაღუპვის საფრთხის წინაშე იმ ბრძოლაში, რომელიც მათ არ წამოუწყიათ და რომლის დასრულებაც მათ არ ხელეწიფებათ. დრო გადამწყვეტია, რადგანაც ყოველდღე არსებობს რეგიონში სიტუაციის ესკალაციის საფრთხე, რომლის თავიდან არიდებაზეც ჩვენ, კატარი და ეგვიპტე პირველი დღიდან, 7 ოქტომბრიდან ვმუშაობთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამ განცხადების ფონზე ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი „მაქსიმალისტური განცხადებების გამო, რაც არ უწყობს ხელს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას“.
საუბარია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მან დაარწმუნა აშშ-ის ხელისუფლება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის „სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში უნდა დარჩნენ”, მათ შორის ეგვიპტესთან საზღვრის გასწვრივ. ამ მოთხოვნას „ჰამასში“ მიუღებელს უწოდებენ.