ენტონი ბლინკენი - გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს ბერლინთან აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება აქვს, მაგრამ გერმანია და აშშ კვლავ ერთად იქნებიან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახიფათო და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ.
„დღეს ვისაუბრეთ უთანხმოების ერთ-ერთ საკითხზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე, რომელიც გვჯერა, რომ ევროპული ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
გერმანიას განსხვავებული ხედვა აქვს და ეს მეგობრებს შორის პერიოდულად ხდება. ჩვენ ამ უთანხმოებებს გაუმკლავდებით ბევრ სფეროში ერთმანეთისთვის ხელის გაწოდებით, სადაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.
გერმანია და აშშ კვლავ ერთად იქნებიან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახიფათო და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ. გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინას, ასევე სხვა ქვეყნებს რეგიონში.
ჩვენ ბოლო დროს დავაწესეთ მეტი სანქციები რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ფიზიკური მშენებლობის კუთხით, გაზსადენის 90 პროცენტი უკვე დასრულებულია და ეს რეალობაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქრება და უკრაინის პოზიცია არ დასუსტდება. ჩვენი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ენერგიის იძულებით ინსტრუმენტად და იარაღად გამოყენება უკრაინის, ასევე ევროპის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.