ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი უკრაინის კონტრშეტევაში, ეს ძალიან დამაიმედებელია
ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი უკრაინის კონტრშეტევაში, ეს ძალიან დამაიმედებელია

ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი უკრაინის კონტრშეტევაში, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას გააკეთა.

ენტონი ბლინკენი უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მოგვიანებით, დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„პირველ ყოვლისა, მე აქ ვიმყოფები უკრიანისადმი მუდმივი მხარდაჭერის საჩვენებლად რუსეთის ამ აგრესიასთან ბრძოლაში. ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი კონტრშეტევაში, ეს ძალიან დამაიმედებელია. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ის, რაც სჭირდება არა მხოლოდ კონტრშეტევაში წარმატების მისაღწევად, არამედ ის, რაც სჭირდება გრძელვადიანად, რათა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომ აღარ მოხდეს მომავალი აგრესიები. ჩვენ ასევე მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებათან ეკონომიკის აღდგენაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა უკრაინა არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ იყოს აყვავებული მომავალში და ამ კუთხით, უკრაინას აშშ-ის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. ბლინკენი კიევში ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო. მანამდე ის უკრაინაში 2022 წლის აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.