ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინა-პოლინეთის საზღვართან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მიმართ აშშ-ის პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და დმიტრო კულებას „კარგი მეგობარი“ უწოდა.

ბლინკენმა აქვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ ცეცხლსასროლ იარაღს მიაწვდის და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას.

„ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრის, მისი მთელი მთავრობის, პრეზიდენტ ზელენსკის გამო, მათი გამბედაობის გამო, რასაც ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ, რასაც ისინი აჩვენებენ მთელ მსოფლიოს და ეს შთამაგონებელია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით პროდუქტიული განხილვები ჰქონდა. ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს „უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებისთვის“.