ენტონი ბლინკენი - არასაფრენი ზონის განხორციელების ერთადერთი გზა არის უკრაინის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თვითმფრინავების გაგზავნა და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში
გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს. რთული წარმოსადგენია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი ხალხის შთამაგონებელ თავდაცვას, ნატო-სა და ევროკავშირს შორის სოლიდარობის გაზრდას, მსოფლიოს გაერთიანებას მოსკოვის წინააღმდეგ და კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობას, რომლებმაც რუსეთთან კავშირი გაწყვიტეს, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ეს იყო პუტინის გეგმა, მაშინ ის მუშაობს“.
„რუსეთი არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატებისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნამ შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.
„არასაფრენი ზონის მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა ესაა ნატო-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს, მაგრამ ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მივცეთ საშუალება, ეფექტიანად დაიცვან თავი და, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვხედავთ მათ არაჩვეულებრივ გმირობას, ისევე, როგორც რეალურ შედეგებს იმის თაობაზე, თუ რას აკეთებენ“, – განაცხადა ბლინკენმა.