ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავლანის სიკვდილი შეგვახსენებს პუტინის განსაკუთრებულ სისასტიკეს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას და რუსეთის მეზობლებს ეწინააღმდეგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
„ძალიან მალე ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავს. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენისა და ფაშინიანის შეხვედრა იმ პერიოდში იმართება, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 13 თებერვალს აზერბაიჯანის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მას შემდეგ გაისროლეს, რაც 12 თებერვალს სომხეთის ჯარისკაცებმა ცეცხლი მათ პოზიციებს გაუხსნეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა ამ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიესალმება სომხეთის ერთგულებას ღირსეული და გრძელვადიანი მშვიდობისადმი.