ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალება პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას უსვამს ხაზს
ალექსეი ნავალნის გარდაცვალება რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ.
„ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოაჩნდება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.