ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარით დაეხმარება
აშშ უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარს გაუგზავნის, რათა დაეხმაროს კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყანას ენერგეტიკული ქსელის, პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
„აღდგენა არის საფუძველი იმისთვის, რომ უკრაინა აღორძინდეს როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროპასთან და დაკავშირებული მსოფლიოს ბაზრებთან“, – განაცხადა ბლინკენმა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ესაა დამატებითი 1,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზანი.
ბლინკენის თქმით, ახალი ფინანსური დახმარება დაემატება აქამდე გამოყოფილ 20 მილიარდ დოლარზე მეტს, რომელიც აშშ-მა უკრაინის ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების ფარგლებში გამოყო.