ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ხედავს საკმაოდ დამაჯერებელ მტკიცებულებებს რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების შესახებ
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ხედავს საკმაოდ დამაჯერებელ მტკიცებულებებს რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების შესახებ. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ძალიან დამაჯერებელი ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ მოწყობილი თავდასხმების შესახებ, რაც წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დამაჯერებელი ცნობები გარკვეული ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ. ახლა ჩვენ ვაგროვებთ დოკუმენტაციას და განვიხილავთამ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც იძიებენ ჩადენილ ან მიმდინარე სამხედრო დანაშაულებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან „ბიბისის“ ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ვიზიტით განაცხადა, რომ აშშ აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. მისი თქმით, პოლონეთი ფლობს საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებს, რომელთა მართვისთის არ არის საჭირო უკრაინელი მფრინავების გადამზადება. როგორც მედია წერს, აშშ-მა საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების სანაცვლოდ შესაძლოა პოლონეთს „ეფ-16“ ტიპის გამანადგურებლები გადასცეს.
„ვადებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. განვიხილავთ თვითმფრინავების საკითხს, რომელიც პოლონეთს შეუძლია მისცეს უკრაინას და ვფიქრობთ, როგორ გადავუხადოთ კომპენსაცია პოლონეთს ამ თვითმფრინავების სანაცვლოდ“, – თქვა ბლინკენმა მოლდოვაში ვიზიტისას.