ენრიკო ვალვო - იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქართველი პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის
იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქართველი პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ენრიკო ვალვომ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზე არიან, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ახალი კორონავირუსისთ ინფიცირების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გახდა ცნობილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.
„საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.