„ენკას“ ბაზასთან დაპირისპირების შემდეგ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათში, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამ დროისთვის კვლავ სოფელ გუმათში არიან შეკრებილები.
ჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ ბაზასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათში, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ.
გუმათში კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, რომლებსაც სოფელ გუმათიდან სოფელ ნამახვანის მიმართულებით გზა რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა მათი თქმით, იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.
რამდენიმე საათის წინ „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირება მოხდა, რომელიც ტერიტორიაზე მშენებელი კომპანიის ტექნიკის გამოჩენას მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ექვსი პირი დააკავეს.