მინდა, ადგილობრივ თუ უცხოელ ბიზნესმენებს მივმართო, პატივი სცენ სახელმწიფოს, ქართულ ენასა და საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს კატეგორიულობა ყოველთვის გამყვება, სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები. სახელმწიფო ენა კანონის ფარგლებში ისევეა მოქცეული, როგორც ნებისმიერი რამ, რაც კანონს ემორჩილება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ენის სახელმწიფო დეპარტამენტი დამსჯელი ორგანიზაცია არ არის და ყველას მივცემთ საშუალებას, მდგომარეობა გამოასწორონ. ჩვენი საყრდენი იქნება მუნიციპალიტეტები. აუცილებლად გვექნება მემორანდუმის ფორმა, რომ რაც გამოსასწორებელია, გამოსწორდეს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
როგორც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქაოსური მდგომარეობა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეინიშნება, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მოწესრიგდეს.
„უნდა მოწესრიგდეს წარწერების საკითხი, რომელსაც ყველა ამჩნევს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს არაქართველ თანამოქალაქეებს, რაც კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა და რასაც უმაღლეს სასწავლებლებს შორის კოორდინაცია სჭირდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტები, რადგან უცხოეთში იზრდება ახალი თაობა, რომელმაც ქართული ენა არ იცის და, რომელსაც ქართულ კულტურაზე წარმოდგენა არ აქვს. ეს ჩვენი მოსავლელია. ასევე, უნდა დავიცვათ აფხაზეთში ჩვენი მეორე სახელმწიფო ენა – აფხაზური“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მალე ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც დარეკვის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.
„ყველას მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ, რითაც მოქალაქეებს არავითარი დაბრკოლება არ შეექმნებათ. დაგვირეკონ და გვითხრან, რომ აი, ამ ქუჩაზე ესა და ეს ხდება, უნდათ ფოტო გადაიღონ. ჩვენ რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.