ენგურის ხიდზე დღეს გალის რაიონის მკვიდრი არ გამოატარეს, რომელიც თბილისში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ
ენგურის ხიდზე დღეს გალის რაიონის მკვიდრი არ გამოატარეს, რომელიც თბილისში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ

ენგურის ხიდზე დღეს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი არ გამოატარეს, რომელიც სამკურნალოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში უნდა გადაეყვანათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია პაციენტის თანასოფლელმა მიაწოდა.

მისი თქმით, 1987 წელს დაბადებულ ქალს სხეულის 40 პროცენტის, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და შესაბამისად, მისი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა აუცილებელია, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა ის არ გაატარა და გალის საავადმყოფოში გადაამისამართა. როგორც პაციენტის თანასოფლელი ამბობს, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა 27 ივნისს ცალმხრივად ჩაკეტა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.