ენერგოომბუდსმენი - ვისურვებდი, მთელი თბილისისთვის გაზის ტარიფი ერთიანი ყოფილიყო
რადგან ენერგეტიკაში ტარიფების სხვადასხვაობა მიღებული პრაქტიკაა შესაძლოა, ამას კლასიკური გაგებით დისკრიმინაცია ვერ ვუწოდოთ, მაგრამ აქ განსხვავებულ ვითარებაზეა საუბარი, როცა ერთი ქალაქის მაცხოვრებლები სხვადასხვა ტარიფებს იღებენ. შესაბამისად, შესაძლოა, ამას სწორედ ამ კუთხით შევხედოთ და დისკრიმინაცია ვუწოდოთ, – ამის შესახებ ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი, შექმნილ ვითარებას უარყოფითად ვაფასებ. ვისურვებდი, მთელი თბილისის საზოგადოებისთვის გაზის ტარიფი ერთიანი ყოფილიყო და კომუნალური თანხების გადახდის თვალსაზრისით, მომხმარებელი განსხვავებულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი თითოეულმა მხარემ უნდა ეძებოს.
„შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად უნდა ვეძებოთ. ის, რომ „ვარკეთილაირი“ პირდაპირი ტრანსპორტირების ხაზთან საკუთარი ქსელის მშენებლობას ცდილობს, ვითარების გამოსწორების ერთ-ერთი კომპონენტია. ასევე შესაძლოა, არსებობდეს სხვა სახის გამოსავალიც. გაზის გამანაწილებელი პატარა კომპანიებისთვის არსებობდეს ქსელი, რომელიც ევროპული ქვეყნების გამოცდილებას შეესაბამებოდა. მე მაქვს რეკომენდაცია მცირე კომპანიების მიმართ, რომ მათ იფიქრონ, სიტუაცია როგორ გამოასწორონ. მაგალითად – შერწყმის შედეგად, თუ მათ ხარჯები შეუმცირდებათ და ამით მომხმარებელს ტარიფი არ გაუძვირდება“, – განაცხადა ენერგო ომბუდსმენმა.
ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა. „ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.