ენერგოომბუდსმენი - ტარიფის გაზრდაზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება საკმარისად არგუმენტირებული არ არის
„სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საკმარისად არგუმენტირებული არ არის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების თანახმად, გაზის მიწოდების საქმიანობა, შესაბამისი გამონაკლისების გარდა, დერეგულირებულია.
„სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (semek) კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს. მოცემულ შემთხვევაში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას. აღსანიშნავია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ამის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე. მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმიანობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფები მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიით დადგინდეს“, – აღნიშნავს ვარდიაშვილი.
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი ხდება.