ენერგოომბუდსმენი - სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ჩართულია, თითოეული დაბრუნებული თეთრი წარიმართება მათ დასახმარებლად, ვინც თანადგომას რეალურად საჭიროებს
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ონლაინპლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. სემეკ-მა მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სოლიდარობის ნიშნად მთავრობის კომუნალური შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა.
როგორც ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, თითოეული დაბრუნებული თეთრი წარიმართება იმ მოქალაქეთა დასახმარებლად, ვინც რეალურად საჭიროებს თანადგომას.
„საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდა. ასეთი მომხმარებლების რაოდენობა კი ჯამში ორ მილიონს აღწევს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ონლაინ პლატფორმის შექმნა დაევალა, რომლის მიხედვით, ყველა აბონენტი შეუფერხებლად შეძლებს, უარი თქვას სუბსიდიის მიღებაზე, თუკი ასეთი საჭიროება მას არ აქვს. სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა უკვე ჩართულია და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org. ენერგოომბუდსმენი მადლობას უხდის ყველა მომხმარებელს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის, ვინაიდან თითოეული დაბრუნებული თეთრი კვლავაც წარიმართება იმ მოქალაქეთა დასახმარებლად, ვინც რეალურად საჭიროებს თანადგომას“,- აღნიშნულია განცხადებაში.