ენერგოომბუდსმენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს
ენერგოომბუდსმენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს

ენერგოომბუდსმენის სამსახური ზამთრის კურორტების წყალმომარაგების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა არაერთი შეტყობინება გუდაურიდან და ბაკურიანიდან, რომელთა მიხედვით,  ზამთრის ორივე კურორტზე დაფიქსირდა წყალმომარაგების მასობრივი შეზღუდვა.

„პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა მყისიერად და ის დღემდე გრძელდება. აღნიშნულის გამო, მძიმე პირობებია შექმნილი კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და ადგილობრივი დამსვენებლები ტოვებენ აღნიშნულ სოფლებს. ცნობილია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აქტიურად ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, თუმცა პრობლემის ძირეული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებისთვის მიმართავს კომპანიას და მიღებული ინფორმაცია დეტალურად გაანალიზდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან ერთად. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურა მომზადებული უნდა იყოს ცივი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და მსგავსი პრობლემის წინაშე არ უნდა დადგეს მოსახლეობა სწორედ პიკურ მომენტში.

აღნიშნული მიანიშნებს კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, რაც მიუღებელია და ენერგოომბუდსმენი შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, თითოეულ კომპანიას მიმართავს რეკომენდაციით, გააუმჯობესოს მომსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა უფლებების მასობრივი დაღვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

​ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. როგორც ბაკურიანში მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს,  ახალ გუდაურს წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება. ბაკურიანში კი, წყლის მიწოდების პრობლემა ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში დილიდან მოგვარებულია.