წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს

გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. ამ დროისათვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება. პარალელურად კი, „რედკოს“ დასახლებას წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება.

„გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლემები შეექმნა და „რედკოს“ დასახლებაში წყლის მიწოდება შეფერხდა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

​ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. როგორც ბაკურიანში მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.

დატოვე კომენტარი