ეკატერინე გალდავა - ახალ გუდაურს წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება
ეკატერინე გალდავა - ახალ გუდაურს წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება

ახალ გუდაურს წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება. ბაკურიანში კი, წყლის მიწოდების პრობლემა ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში დილიდან მოგვარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის დირექტორ ეკატერინე გალდავას თქმით, წყალმომარაგების პრობლემა კვლავ რჩება ბაკურიანში წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებს დღის ბოლომდე წყალს რეზერვუარებით მიაწვდიან.

„ახალ გუდაურში მთელი ორი ღამე, 24 საათის განმავლობაში მუშაობდა ჩვენი კომპანია და ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება. დავიწყეთ სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების შექმნა, რათა გავზარდოთ წყლის დევიზი. პრობლება იმის გამო შეიქმნა, რომ თოვლი არ იყო. დღის განმავლობაში ვაპირებთ, რომ აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობით, ე.წ. ტუმბოს საშუალებით, მდინარიდან წყალი ხელოვნურად ამოვქაჩოთ.

რაც შეეხება ბაკურიანს, ცენტრალურ უბნებში წყალი 24-საათიანი რეჟიმით დილის 09:00 საათიდან არის. ორი ქუჩა – აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩები მცირედით პრობლემურია. წყლის დევიზის სიმცირის გამო, ვერ უზრუნველვყოფთ მთლიანად მათი წყლით მომარაგებას, მაგრამ ჩვენი წყალგადამზიდი მანქანებით ვცდილობთ შევუვსოთ ავზები. რაც შეეხება მასშტაბურ პროექტს, სამომავლოდ ამორტიზებული მილები უნდა შეიცვალოს, რომელსაც ერთი-ორი წელი დასჭირდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ.

​ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. როგორც ბაკურიანში მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს.