„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, 45 პროცენტს შეადგენს გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიაა.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი პასუხობს, რომ დიახ, 42 პროცენტი პასუხობს, რომ არა, ხოლო არ იცის 12-მა პროცენტმა.
2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 59-დან 42 პროცენტამდე შემცირდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატია არ არის, ხოლო 33-დან 45 პროცენტამდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც პასუხობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის.
„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.