„ენბისი ნიუსი“ - თეთრმა სახლმა შეკრიბა გუნდი, რათა პასუხი გასცეს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას
„ენბისი ნიუსი“ - თეთრმა სახლმა შეკრიბა გუნდი, რათა პასუხი გასცეს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას

თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, ბაიდენის თანაშემწეები და მოკავშირეები აცხადებენ, რომ ენერგიულად ემზადებიან იმპიჩმენტის საკითხზე წინააღმდეგობის გასაწევად.

„თანამედროვე ისტორიაში არასოდეს მომხდარა იმპიჩმენტი, რომელიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – აცხადებენ თეთრ სახლში.

„სიენენმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. როგორც „სიენენი“ წერს, იმპიჩმენტის პროცედურა მოსამზადებელი დოკუმენტების შემუშავების შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. იმპიჩმენტის პროცედურა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ მიაწვდის ინფორმაციას კომისიას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას.