ემზარ კვიციანი - ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად სუს-ს უნდა დაეკისროს
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს.
ემზარ კვიციანი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში რატომ მოხდა? ასევე რატომ არ არის ჩვენი მხარე დაცული, რომ ე.წ. საზღვრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებულები ყოველ დღე არ იყვნენ? ამასთან, დე ფაქტო აფხაზეთში იორდანიის დელეგაცია იყო ჩასული. ჩვენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი გვაქვს, ამ შემთხვევაში, ეს კანონი როგორ იმოქმედებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ხომ არ ვთხოვოთ, რომ იქნებ, ასეთი კანონი თავადაც შექმნან, რათა გვერდში დაგვიდგნენ, რომ ამ კანონმა, რომელიც ერთმანეთთან მისვლას მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს უკრძალავთ, რაღაც ქმედითი ძალა შეიძინოს?“, – განაცხადა კვიციანმა.
ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.