ემზარ კვიციანი - ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა
ემზარ კვიციანი - ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა

ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

როგორც კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირმა ინაშვილს განცხადების გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნა, რომ არც ბოლო შემთხვევა იქნება.

„ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები“. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს. მათთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოაბიტაციის ბრალია. ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას. არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება. არ არის ეს ლამაზი ქცევა. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია „ნაციონალების“ გასამართლებაზე და ყველაფერი გამოსწორდება.

ჟურნალისტები და განსაკუთრებით, მოღალატე „რუსთავი 2“ აცოცხლებთ „ნაციონალების“ სექტას, რომელიც თავს მოგვახვიეს უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.