პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება და ურთიერთრეპლიკები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებს სისხლიანი არჩევნები უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და დეპუტატ ენზელ მკოიანს კრიმინალები. „არ გეგონოთ, რომ ხართ გამარჯვებულები. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბური ძალადობა, რომელიც განახორციელა თქვენმა გუნდმა“, – მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მელიამ.   მელიას შემდეგ სხდომაზე განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ირმა ინაშვილს უნდა გაეკეთებინა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მისამართით აღნიშნა, რომ მოვა დრო, როცა ყველანი გასამართლდებიან. ინაშვილს გამოსვლა რეპლიკით რამდენჯერმე შეაწყვეტინა ნიკა მელიამ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.