ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მთავარ პარტიებს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისკენ მოუწოდა
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მთავარ პარტიებს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მთავარ პარტიებს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისკენ მოუწოდა.

მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას წერილით მიმართა, რომელიც არის მისი პირველი საჯარო გამოხმაურება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ემანუელ მაკრონის თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს დაასახელებს მას შემდეგ, რაც დეპუტატებს ექნებათ „გარკვეული დრო“ მართვის პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. მისივე განმარტებით, ამჟამინდელი მთავრობა დროებით ადგილზე დარჩება.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მომავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს „რესპუბლიკური ძალების“ მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, საფრანგეთის როლს ევროპულ პროექტში, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და საპარლამენტო მმართველობას.

„ის გააერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც, მეხუთე რესპუბლიკის ტრადიციით, თავიანთ ქვეყანას თავიანთ პარტიაზე მაღლა აყენებენ, ერს კი – ამბიციებზე მაღლა. ფრანგებმა რაც აირჩიეს საარჩევნო ყუთით – რესპუბლიკური ფრონტი – პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი ქმედებებით უნდა დააკონკრეტონ. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე“, – აღნიშნულია ემანუელ მაკრონის წერილში.