ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე - როდესაც რამეს არ გამორიცხავ, ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთებ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა თავის განცხადებას უკრაინაში დასავლეთის სამხედროების განლაგებაზე. განცხადება მან ფრანგულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების შეყვანას უკრაინაში, მაკრონმა განაცხადა, რომ „როდესაც რაღაცას არ გამორიცხავ, ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთებ“.
„დღეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის თავდამსხმელის შეჩერება. ის, ვინც თავს დაესხა, უნდა დათანხმდეს იარაღის დადებას”, – განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ მისი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო. ამასთან, ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონთან გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია.