ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომში
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომში

საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომმა დაასრულა ათწლეულების მშვიდობა ევროპულ მიწაზე, მაგრამ ეს ყველას ომია, რადგან გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრმა დაარღვია წესდება, რაც მიუღებელია.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული იარაღის განლაგება მფლობელი სახელმწიფოების გარეთ, განსაკუთრებით, ევროპაში. ამ მხრივ ყველამ უნდა გაიხსენოს თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით, რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს. გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხის პატივისცემით და რუსული ჟესტით. უსაფრთხოების ამ ევროპულ არქიტექტურას მომავალში უსაფრთხოების სტაბილური ორგანიზაცია სჭირდება. ევროპის ქვეყნების ოკუპირების შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ახლა ეს უკრაინის შემთხვევაა. ჩვენ ვერ გვექნება უსაფრთხო და სტაბილური ევროპა, ვიდრე ჩვენს კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.