ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების განცხადებით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა ესკალაცია, ეს არ შეცვლილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტები ისვრიან, სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, დაარტყან სხვა სამიზნეებს, სამოქალაქო ან სხვა სამხედრო ობიექტებს რუსეთში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიაში.
თავის მხრივ, როგორც ოლაც შოლცმა განაცხადა, იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას. მისივე თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების პირობებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, მას უფლება აქვს, დაიცვას თავი.
„უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. უცნაურად მიმაჩნია, როცა ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას არ უნდა მიეცეს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს ზომები, რომლებიც ამისათვის შესაფერისია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.