ემანუელ მაკრონი - არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება
საფრანგეთის პრეზიდენტი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობს კიევთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებაზე, რომელსაც მხარეები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმების მიხედვით, უკრაინას საბრძოლო მასალას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწოდებს.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ ახალ დისბალანსებს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი რისკი არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება. რუსეთისთვის გამარჯვების მიცემა იმის აღიარებაა, რომ საერთაშორისო წესრიგის წესები, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ, შეიძლება აღარ იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ გაცილებით მეტი აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას იმით, რაც მას სჭირდება საკუთარი ცის დასაცავად“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.