ელიზაბეთ რუდი - ახალი საარჩევნო პროგრამა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე წინსვლაში დაეხმარება
ელიზაბეთ რუდი - ახალი საარჩევნო პროგრამა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე წინსვლაში დაეხმარება

საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.

მისივე  თქმით, საარჩევნო რეფორმა კარგი შესაძლებლობაა წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

„ეს საარჩევნო რეფორმა არის კარგი შესაძლებლობა, გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც დაფიქსირებული იყო წინა არჩევნების პერიოდში, რაზეც საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბამისად, შეიქმნას უფრო თანაბარი და სამართლიანი გარემო ყველასთვის“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდის განცხადებით, პროგრამა, რომელიც დღეს იწყება რამდენიმე პროექტისგან შედგება, რომელთა მიზანი საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მოქალაქეთა ჩართულობის, კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერებაა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო პროგრამას, რომელიც გულისხმობს ამ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას. პროგრამა შედგება შვიდი პროექტისგან, რომელთა მიზანიც გახლავთ მოქალაქეთა ჩართულობის და მოქალაქეთა კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტით გაძლიერდება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და დაეხმარება ქვეყნის წინსვლას დემოკრატიულ გზაზე“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროგრამა ამერიკის მთავრობის დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისა და შემდგომი პერიოდისთვის.

პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება ​ სახელწოდებით „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.