ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა [ფოტო]
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა. ცხედარი უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, აკლდამაში ჩაასვენეს. მოგვიანებით დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში, ოჯახის წევრების თანხლებით გაგრძელდება. წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩატარებულ მსახურებას 800-მდე ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიის დასრულებისას გამოცხადდა დედოფლის ყველა ტიტული და დაუკრეს გამოსამშვიდობებელი მელოდია. არქიეპისკოპოსმა დალოცა მეფე ჩარლზი მესამე და გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი.
უინძორში გადასვენებამდე სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში, რომელსაც 2 000 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები, პარლამენტის წევრები, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები და სპეციალურად ამ დღისთვის ბრიტანეთში ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად, კანადის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პირველი პირი და სხვა ლიდერები. ცერმონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სამგლოვიარო ცერემონია ვესტმინსტერის სასახლიდან დაიწყო, შემდეგ დედოფალი სააბატოში გადაასვენეს. ვენსტმინსტერის სააბატოში 96-ჯერ დარეკეს ზარები.
დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.
გლოვა გაერთიანებულ სამეფოში 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.