ელისაბედ მეორე ნატურალური ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ნატურალური ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, დედოფლის ტანსაცმლის ნაწილი უკვე გადაკეთებულია.
როგორც ელისაბედ მეორის პირადი მოდელიერი ანჯელა კელი საკუთარ წიგნში წერს, მონარქი ცივ ამინდში ხელოვნური ბეწვის კოსტიუმებს ჩაიცვამს.
ამავე დროს, ბუკინგემის სასახლეში დააზუსტეს, რომ დედოფალი გამოიყენებს აქამდე შეძენილ, ან შექმნილ ბეწვის ნივთებს, როგორებიცაა, ქუდები და ცერემონიალური მანტიები.
ბუნების დამცველები დედოფალ ელისაბედ მეორეს ბეწვის გამოყენების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.
ახლა ისინი დედოფლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
„მოვუწოდებთ ბრიტანეთის მთავრობას, მიბაძოს მისი უდიდებულესობის მაგალითს და გახადონ ბრიტანეთი მსოფლიოში პირველ ქვეყნად, სადაც აკრძალული იქნება ნატურალური ბეწვის გამოყენება“, – განაცხადა ორგანიზაცია „ჰიუმან სოსაიეტი ინთერნეიშენალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კლერ ბასმა.
აღსანიშნავია, რომ ნატურალურ ბეწვზე უარი თქვა მოდის მრავალმა სახლმა, მათ შორის „გუჩიმ“, „ვერსაჩემ“, „არმანიმ“, „ჰიუგო ბოსმა“, „კელვინ კლაინმა“, „ტომი ჰილფიგერმა“, „ვივიენ ვესტვუდმა“, „სტელა მაკკარტნიმ“.
მიმდინარე წლის ოქტომბერში კი კალიფორნია პირველი ამერიკული შტატი გახდა, სადაც ნატურალური ბეწვისგან შექმნილი ნაკეთობებისა და ტანსაცმლის გაყიდვა აიკრძალა.