სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
მისივე თქმით, დაიწვა 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი.
„აგლაძის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართსა და მაღაზიას. ადგილზე მუშაობდა 20 სახანძრო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე. დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ხანძარი გაუჩნდა შერეულ მასალებს, ინახებოდა გუდრონი, საღებავები და ასევე პლასტმასები“, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური, რომელიც დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს.
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.