ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური დასაქმების პროცედურებს ამარტივებს
გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური დასაქმების პროცედურებს ამარტივებს, – ამის შესახებ პირველ არხს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა განუცხადა.
დიპლომატის თქმით, კანონპროექტი, რომელიც შრომით მიგრაციას არეგულირებს, ახლა გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს და დამტკიცების შემთხვევაში იგი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს.
ელჩის თქმით, გერმანიის კოალიციური მოწყობის გათვალისწინებით, პროექტზე მსჯელობას გარკვეული დრო დასჭირდება.
„გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონპროექტი ეხება შრომით მიგრაციას. ამ კანონის სიახლეები არის ის, რომ თუ აქამდე მხოლოდ გარკვეულ პროფესიებზე ვრცელდებოდა ლეგალური დასაქმების უფლება, შეზღუდვა იხსნება და ვრცელდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენით, ლეგალური დასაქმება შესაძლებელი იქნება გერმანიაში, ასევე განისაზღვრება გარკვეული პერიოდი, რომ სამუშაო ადგილის მოძებნა მოხდეს და უკვე შესაბამისი სამუშაო ვიზა და სამუშაო უფლების გაცემა – ეს პროცედურებიც მარტივდება, ეს არის კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები. დანარჩენზე გერმანიის პარლამენტი იმსჯელებს.
გამომდინარე იქედან, რომ გერმანიის მთავრობა კოალიციურია, შეიძლება მცირედი ცვლილებები კანონპროექტმა განხილვის დროს განიცადოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი გერმანიის მთავრობის აზრით ისაა, რომ არალეგალური მიგრაცია შემცირდეს, მეორე, დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რომ შემცირდეს და მესამე, გერმანიის ეკონომიკის განვითარება რომ შენარჩუნდეს. რადგან დღეის მონაცემებით, დაახლოებით მილიონ ორასი ათასი დაუსაქმებელი ადამიანია გერმანიაში”, – აღნიშნავს ელჩი პირველ არხთან საუბრისას.
მისი თქმით, შრომითი მიგრაციის შესახებ რეგულაციაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია დაწყებულია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული რაოდენობის კვოტას არ ითვალისწინებს.
„მანამდე შრომითი მიგრაციის რეგულაცია, ე.წ. დასავლეთ ბალკანეთის რეგულაცია არსებობდა. როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ჩვენი მიზანი იყო, რაც კანცლერმა თბილისში ყოფნის დროს გაავრცელა, რომ ეს რეგულაცია საქართველოზეც გავრცელებულიყო. მაგრამ ამის საჭიროება აღარ დადგა, რადგან გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელმაც ავტომატურად მოიცვა ე.წ. დასავლეთ ბალკანეთის რეგულაცია. ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს კვოტას. კანონპროექტის წინაპირობაა დამსაქმებლის მოძებნა და შესაბამისი სამუშაო ხელშეკრულების დადება”,- აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
კანონპროექტზე შეფასება პირველმა არხმა საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც სთხოვა. დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს, რომ მართალია პროექტს ჯერ კანონის სახე არ აქვს, მაგრამ განხორციელების შემთხვევაში, იგი საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვან ცვლილებებს სთავაზობს.
„ამასთან დაკავშირებით გვექნება შემდგომ კომუნიკაცია. ეს კანონპროექტია, რომელსაც ჯერ კანონის სახე არ აქვს. აქედან გამომდინარე, როგორც კი დასრულდება და მიიღებს კანონის სახეს, უპრიანია, რომ ამის შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. თუმცა კანონპროექტში ბევრი პოზიტიური ტენდენციაა გამოკვეთილი, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან ხელსაყრელი“,- აღნიშნავს დავით ზალკალიანი.