ელექტრომობილების ხუთწუთიანი დამუხტვის მექანიზმის შექმნაში „ბიპი" 20 მილიონ დოლარს დებს
ენერგოგიგანტმა BP-იმ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა თელ-ავივში დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპში StoreDot-ი.
კომაპნიამ უნდა შექმნას ელემენტი, რომელიც ელექტრომობილს 5 წუთში დამუხტავს. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC ავრცელებს.
კომპანიის ოფიციალური განცხადებით, ელექტრომობილების სწრაფი დატენვის საკითხი BP-ის ელექტრიფიკაციის სტრატეგიის მთავარი ღერძია. StoreDot-ის ტექნოლოგიები კი იმედს იძლევა, რომ შექმნის ელემენტს, რომელიც ელექტრომობილის დატენვას ისეთივე მოკლე დროში მოახერხებს, რაც ჩვეულებრივი ავტომობილის ბენზინის ავზის შევსებას სჭირდება.
იმავე StoreDot-ში, გასული წლის სექტემბერში სატვირთო ავტომობილების მწარმოებელმა ცნობილმა გერმანულმა გიგანტმა Daimler-მა 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ტენოლოგიურმა კომპანიამ უნდა შექმნას ელექტრომობილის ძრავი, რომელიც ელექტორმობილს 300 მილის მანძილზე ხელახალი დამუხტვის გარეშე მოძრაობის საშუალებას მისცემს.
StoreDot-ი აწარმოებს ლითიუმის იონზე დაფუძნებულ ე.წ. „სწრაფ ელემენტებს“, რომელსაც, როგორც კომპანია ირწმუნება, ელექტრომობილის დამუხტვა წუთებში შეუძლია. ინოვაციური ელემენტი ორგანულ და ე.წ ნანო-ნივთირებებს იყენებს.
StoreDot-ი მსგავს ტექნოლოგიას მობილური ტელეფონებისთვისაც აწარმოებს. ახალ ელემენტს ტელეფონის დამუხტვა 5 წუთში შეუძლია. ამ პროდუქტის კომერციალიზაციას კომპანია 2019 წლისთვის გეგმავს.