ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, 14:35 საათიდან, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზეც და მატარებლები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.
„შეფერხების გამო, არც ერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა“, – აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა.
ელექტროენერგია ცოტა ხნის წინ დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განმარტეს, ელექტრომომარაგების შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია. „ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო.