ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ამსტერდამის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
სხიპჰოლის აეროპორტი დღეს დილიდან დაკეტილი იყო. ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
სამართალდამცავებმა ადგილობრივი დროით, ღამის 03:00 საათზე აეროპორტისკენ მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ეს აუცილებელი იყო, რათა მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.
დენის გათიშვის გამო, მგზავრები სასურველ ფრენებზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ, რამაც შენობაში ქაოსი გამოიწვია.
ელექტროენერგიის მიწოდება აეროპორტში ორ საათში აღადგინეს, თუმცა როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეფერხებები დღის განმავლობაში გაგრძელდება. სხიპჰოლის აეროპორტი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 რეისის მიღებას შეძლებს, რის გამოც ათეულობით ფრენა გადაიდება.
სხიპჰოლის აეროპორტი, ლონდონის ჰითროუსა და პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტების შემდეგ, ევროპაში ყველაზე გადატვირთულია.