ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ან მიწოდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდება
პარლამენტში „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვით, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის მოტოციკლის, მოპედისა და კვადროციკლის იმპორტი ან მიწოდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდება.
დეპუტატები უმრავლესობის წევრების კახა კუჭავასა და მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე მესამე მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
პროექტის ავტორების განმარტებით, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები საფრთხეს უქმნიან როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.
„ასევე, აუარესებენ ქალაქებში საცხოვრებელ პირობებს და ასუსტებენ ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას. ელექტროძრავის მქონე ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს საწვავზე მომუშავე ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ. კერძოდ, ძვირად ღირებულ საწვავს არ საჭიროებენ, ახასიათებთ ვიბრაციისა და ხმაურის დაბალი დონე და მათი დატენვა ძალიან მარტივია. ამდენად, ქვეყანაში ტექნოლოგიებით წარმოებული ელექტრო ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოტოციკლებისა და კვადროციკლების ექსპლუატაციის წახალისებას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“, – მიიჩნევენ ცვლილებების ავტორები.