ელენე მიხაილოვა - სამუშაო შეხვედრებზე შესყიდვების სააგენტოს არცერთხელ უხსენებია, რომ ორეტაპიანი ტენდერი გამოსავალია
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ინტელექტუალურ–შემოქმედებითი პროდუქტის ორეტაპიანი ტენდერით შესყიდვის სტატისტიკას გადავხედე და ეჭვი მეპარება, ეს პრაქტიკა საერთოდ არსებობდეს, რადგან არცერთ ორგანიზაციას ეს არ გამოსდის, – ამის შესახებ პირველი არხის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამუშაო შეხვედრებზე შესყიდვების სააგენტოს არცერთხელ არ უხსენებია, რომ ორეტაპიანი ტენდერი გამოსავალია და ამ ხერხით ინტელექტუალური პროდუქტის შესყიდვა შესაძლებელია. ალბათ, შესყიდვების სააგენტოზე უკეთესად არავინ იცის, ეს შესაძლებლობა არსებობს თუ არა“, – განაცხადა მიხაილოვამ.
როგორც პირველი არხის იურისტმა აღნიშნა, შესყიდვების სააგენტოსთან მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა რედაქცია, რომელიც ამჟამად პარლამენტშია ინიცირებული და რომელიც მაქსიმალურად დაბალანსებულია.