ელენე ხოშტარიამ საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა, გადახაზა და „ღორი“ და „ნაძირალა“ დააწერა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოდან უნდა გააგდონ.
„ეს არის პროტესტი. ეს კაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილს, მუშაობს კიდევ საკრებულოში. ამიტომ ცხადია, ეს არის მისი მოგლეჯვის სიმბოლური ფორმა. არ ეკუთვნის, რომ ეს ეკიდოს თბილისის საკრებულოში და აღარ ეკიდება. ის უნდა იყოს გაგდებული საკრებულოდან. ამ ბანერის ჩამოგლეჯვისას, რა თქმა უნდა, შემექმნა პრობლემა. ჯერ სცადეს, რომ საკრებულოში არ შევეშვი, მერე კუხიანიძის კაბინეტთან, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ტყემალაძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ პოლიციას მოქალაქეებისთვის ხელები არ აგრეხინა და საბოლოო ჯამში ოთახში მიგვიღო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.