ელენე ხოშტარია - შეწყალებაზე მორატორიუმი არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა
მორატორიუმი არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა, რომელიც ზურაბიშვილმა დაამატა სასტიკ შეწყალებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა შეწყალების სისტემაში არ მდგომარეობს და შესაძლოა, კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები არსებობდეს.
„დღეს იყო მოლოდინი, დაესაბუთებინა, რას ეყრდნობა კიდევ ერთი მკვლელის შეწყალება, მაგრამ არა, ნაცვლად ამისა, საერთოდ შეაჩერა პროცესი. რატომ უნდა შეწირონ ის ადამიანები პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, რომელთა შეწყალებაც დასაბუთებადია. პრობლემა არ არის სისტემაში, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი შეიწყალოს, მაგრამ კითხვა ჩნდება საზოგადოებაში, რატომ უნდა მოგინდეს შეიწყალო, მოუშუშებელი ტკივილი მიაყენო კიდევ ერთხელ ოჯახებს, რომელთაც ადამიანები დაკარგეს. პასუხი შეიძლება იყოს – ან ხარ ძალიან სასტიკი, ან გაქვს რაღაც ინტერესი. სხვა ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს. მან ამაზე უნდა ილაპარაკოს და არა რაღაც სისტემაზე. უბრალოდ, ვერ წამომიდგენია მოტივაცია, ეს რატომ უნდა გააკეთო, თუ არ არის კორუფციის, ნეპოტიზმის ნიშნები“, – განაცხადა დეპუტატმა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოძიება ჩატარდეს.
„აუცილებელია გამოძიება, ვინმეს კონკრეტული ინტერესი ხომ არ არის და მაშინ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.