სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს

წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„ადრეც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე შედგა. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია ეს გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების სწორედ ასეთი შეშფოთება. გამომდინარე ამ ვითარებიდან, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, დღეს დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა.

დატოვე კომენტარი